
„ემპათია“ იუსტიციის მინისტრის ქმედებებს მათზე, ექსპერტთა ჯგუფზე, სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად განიხილავს
27/01/2023 14:15:15 საზოგადოება
ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ცენტრის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დადგენილი დიაგნოზები უტყუარი არ არის.
„ემპათია“ მიიჩნევს, რომ „დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და ის იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე მიუთითებს“.
ამასთან, "ემპათია" იუსტიციის მინისტრის ქმედებებს განიხილავს, „ემპათია“ - ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად.
„გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 - ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ - ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ - ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) - ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.
რაც შეეხება „წამება“ - ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ - იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.
აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს",– აღნიშნავს "ემპათია".
ცენტრი კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს "დასკვნის დასკვნას", რომლის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესსკონფერენციას, ასევე ჩატარდება "დასკვნის დასკვნაზე" ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
"იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ - ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად“, - დასძენენ ცენტრ „ემპათიაში“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 26 იანვარს თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხსენებულ დასკვნაში მოცემული დიაგნოზები “არ არის სარწმუნო და უტყუარი”.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას მალევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, რომლის თქმითაც, “სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ არ ყოფილა წარმოებული არათუ პაციენტის ჯანმრთელობის რეალური კვლევა, არამედ პაციენტის ნახვის მცდელობაც":
“სამხარაულის ეროვნული ბიუროს არც ერთი ექსპერტი თავად არ ყოფილა ჩართული. მათ ფიზიკურადაც არ უნახავთ პაციენტი. დასკვნა თავად გამოიტანეთ, როგორ უნდა იმსჯელო დიაგნოზის ნამდვილობაზე, თუ თავად დიაგნოზის მატარებელ პაციენტს არ შეხვდები?”.
“ემპათიის” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გააკრიტიკა გადაწყვეტილება: “იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრ “ემპათიის” დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა: რომელი კანონით? ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა. ცენტრი “ემპათიის” დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი”.
მისივე თქმით, “ემპათია” სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეისწავლის და “იქნება შესაბამისი რეაგირება”.