„წელიწადში 1000–1500 გვაქვს": საქართველოში სამხედრო დრონების მასიური წარმოება აპრილიდან დაიწყება

27-01-2023 16:17:54 თავდაცვა

სამხედრო დრონების მასიური წარმოება საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ამის შესახებ უთხრეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, როდესაც ის დრონების გამოცდას ესწრებოდა.

ღარიბაშვილი პრეზენტაციისას დაინტერესდა, როდის დაიწყება საბრძოლო და სადაზვერვო დრონების წარმოება. მას უპასუხეს, რომ აპრილში.

რაც შეეხება რაოდენობას, „წელიწადში 1000–1500 გვაქვს, შემდეგ გავზრდით“,– უთხრეს ღარიბაშვილს.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც განაცხადა, რომ აპრილში დაიწყება დრონების "მასიური წარმოება".

თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ წარმოებულმა საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს.

თავდაცვისვე ცნობით, FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლადაა შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. ხოლო WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები