უკრაინისთვის ტანკების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას კრემლში ეხმიანებიან
26/01/2023 11:00:30 მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ „კოლექტიური დასავლეთი“ "სულ უფრო მეტად ერთვება" უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გადაილახა ბარიერი, რომელსაც ბერლინი ქმნიდა და დასავლელი მოკავშირეები ტანკებს მიაწვდიან კიევს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 26 იანვარს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს , „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.
პესკოვის განცხადებით, რუსეთი ამ ყველაფერს აღიქვამს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვად, "რომელიც იზრდება". მიუხედავად ამისა, როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ (როგორც მოსკოვი უწოდებს უკრაინასთან ომს) სტატუსის შეცვლის საკითხი.
25 იანვარს, დილით გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას „ლეოპარდ 2“–ებს გადასცემს. იმავე დღის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ. მხოლოდ ამ ორი გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 45-ე დაბადების დღეზე გახდა საჯარო, უკრაინის საბრძოლო არსენალს 45 ტანკი ემატება, ხოლო სხვა ქვეყნებთან ერთად მოელიან, რომ უკრაინა, პირველ ეტაპზე, 100-ზე მეტ ტანკს მიიღებს.
იხილეთ ასევე:
ოლაფ შოლცი: „ეს სიგნალია ვლადიმირ პუტინისთვის, იმედი არ უნდა ჰქონდეს“
Politico: НАТО–ს ქვეყნები უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავენ
როდესაც აშშ–ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემა დააანონსა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რუსეთს არ უქმნის საფრთხეს, რადგან არავინ აპირებს მის ტერიტორიაზე შეჭრას და რომ მიზანია ომის სწრაფად დასრულება, ამ ყველაფრის დასრულება კი დღესვე შეუძლია მოსკოვს აგრესიის შეწყვეტით და უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანით.


