
"ვივამედი": „სააკაშვილთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს კოვიდი არ დაუდასტურდა, ველოდებით ადვოკატების PCR–ტესტების პასუხებს“
26/01/2023 08:12:13 საზოგადოება
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტში მყოფი პერსონალიდან კოვიდინფიცირება არავის დაუდასტურდა. ამჟამად ელიან ადვოკატების PCR ტესტის პასუხებს.
"ჩვენმა ეპიდოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა. ყველა იმ პირს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, კოვიდი არ დაუდასტურდა. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი. დღესაც ველოდებოდით და არ გამოჩენილან", - ამბობს ჩხაიძე.
პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს - მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია.
"ტემპერატურა არ აქვს, აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციოა, ეს მისი ხედვაა. პაციენტს კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. იგი მკურნალობას აგრძელებს პალატაში".
მან გაიმეორა, რომ პაციენტის თანმხლები დაავადებების გამო გართულება გამორიცხული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, "არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არაა".
ზურაბ ჩხაიძემ, ასევე არ დაადასტურა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ცნობა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება:
"არცერთ შემთხვევაში ექიმს არ დაუფიქსირებია გონების კარგვის ეპიზოდი. ექთანი მასთან არის 24 საათის განმავლობაში".
მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა 24 იანვარს გაავრცელა.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. სასამართლო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს.