
ქუთაისის მერია დნეპრს გენერატორს გაუგზავნის
25/01/2023 13:28:25 საზოგადოება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დნეპრში გენერატორს გააგზავნის. ამას წინ უძროდა დნეპრის მერის წუხილი იმის თაობაზე, რომ ქუთაისი დნიპროსთან დაძმობილებული ქალაქია, თუმცა ომში კავშრი გაწყდა.
„ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეგროვდა დიდი რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი, შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც ხდებოდა თანხის ჩარიცხვა. შეგროვებული თანხით შევიძინეთ ის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია, რაც რეკომენდირებული იყო თავად უკრაინის მხრიდან. ასევე, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა აღნიშნულ ანგარიშზე. ქუთაისიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადანაწილდა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებში. ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხრიდან იყო გენერატორებით დახმარების თხოვნა, ქუთაისის მერია შეიძენს გენერატორს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში. ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს უკრაინიდან ჩამოსული 400-მდე უკრაინელი, მათ შორის დამეგობრებული ქალაქებიდანაც. უკრაინის მოქალაქეებს ქალაქის მერია არაერთხელ დაეხმარა სხვადასხვა ფორმით, მათ გადაეცათ ულიმიტო სამგზავრო ბარათები. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათები პირადად გადასცა უკრაინელ ბავშვებს. ადგილობრივი ხელისუფლებაა მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ დაეხმაროს ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას“,-აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარალელურად ქუთაისელმა აქტვისტებმა დაიწყეს ფინანსური სახსრების შეგროვება, რომელსაც დნეპრში საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავენ.