
"40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს”: “ლაგუნა ვერეს” დარაჯი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზზე საუბრობს
25/01/2023 11:50:44 საზოგადოება
“ლაგუნა ვერეს” დარაჯის ინფორმაციით, “ტვ პირველისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“სიუჟეტის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. თანამშრომელმა მითხრა, "თავისუფალი ხარო". ხვალ მიწევს მორიგეობა და ვერ გავდივარ. ძლივს გავათენე წუხელ ღამე, ისეთი გულის შეტევა მაქვს. ახლაც, თქვენ რომ დარეკეთ, წნევას ვიზომავ და 200-ზე მაქვს. წუხელ 220 მქონდა. ძალიან ცუდად ვარ”, — უთხრა დარაჯმა “ტვ პირველს” და დასძინა, “ამდენი წელი, 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს”.
ყოფილი დარაჯი შიშობს, რომ პროცესებ მისი სამსახურიდან გაშვებით არ დასრულდება:
“პენსია მქონდა და ეგ [სამსახური], 300 ლარი და ეგ იყო ჩემი შემოსავალი… ახლა უარესს მიზამენ კიდევ ალბათ. ბავშვებს არ დაერიონ, თორემ სხვას არ ვჩივი… თუ არ გავჩერდები, ალბათ უარესს მიზამენ კიდევ”.
"ტვ პირველის" ეთერში სიუჟეტი, “ბიძინას “ჟირაფები“ გმირთა მოედანზე” ეთერში 21 იანვარს გავიდა ის “ლაგუნა ვერესა” და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას დაგეგმილ მშენებლობას ეხება. აქ ფონდი “ქართუ” 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.
სიუჟეტი ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარებასაც შეეხო. დარაჯი ზაზა მელაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტს ყოფილი სპორტული კომპლექსის შიდა ტერიტორიას უჩვენებდა და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.