
გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას მოითხოვენ
25/01/2023 10:16:18 საზოგადოება
იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ხელისუფლებას გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესების თხოვნით მიმართავს.
ასოციაციის დამფუძნებელმა გიგა წულეისკირმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ როდესაც კონკრეტულ შემთხვევებზე საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს, ხოლო საქმეებში მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, არ შეიძლება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აწარმოოს:
„გვაქვს საქმეები, სადაც მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა პროკურატურასთან და ასევე ფინანსურ პოლიციასთან, რამდენიმე მევახშის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო პროცედურები. ვიდრე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ჯარიმების გამოწერა, რადგან მევახშეებისგან წართმეული უძრავი ქონებები დაზარალებულ ადამიანებს გაყიდულ უძრავ ქონებებად ჩაუთვალეს, რაც კიდევ ერთი ახალი პრობლემაა. აღსრულების ეროვნული ბიუროც აგრძელებს გამოსახლებებს. მინდა, მოვუწოდო, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამოცხადდეს მორატორიუმი, შეჩერდეს გამოსახლებები, ვიდრე საგამოძიებო უწყებები კონკრეტულ „ქეისებს” გამოიძიებენ“.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უხეში ფორმებით გამოასახლეს ადამიანები; მიმდინარეობს ასობით სისხლის სამართლის საქმე კერძო მევახშეების წინააღმდეგ და არის მოლოდინი გადაწყვეტილებების თაობაზე.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსიდან აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს. ოჯახს მეზობლებმა დაუჭირეს მხარი და ადგილზე ხმაური იყო.