
თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
30/10/2019 14:14:59 სხვა, მსოფლიო
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, – იუწყება სირიის სამთავრობო მედია.
მისივე ცნობით, მძიმე ბრძოლა ქალაქ რას ალ აინთან გაიმართა, სადაც თურქეთი „უსაფრთხო ზონის“ შექმნას გეგმავს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
მას შემდეგ, რაც თურქეთთან მოსაზღვრე რაიონები ქურთმა მებრძოლებმა დატოვეს, სირიის არმიამ სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებადი რამდენიმე ქალაქი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ასადიასთან თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის პირველი შეტაკება გუშინ მოხდა, რომელსაც 6 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.
17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანკარა აცხადებდა, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებდა. ზავის ვადა 22 ოქტომბერს ამოიწურა.
22 ოქტომბერს სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდა.
ერდორანისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, 23 ოქტომბრის დღის 12:00-დან რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო ძალები სირიის მხრიდან თურქეთ-სირიის საზღვარზე განთავსდნენ, რათა ხელი შეუწყონ ქურთთა შენაერთებისა და მათი შეიარაღების სირიის ჩრდილოეთიდან გაყვანას. ეს პროცესი უნდა დასრულეს 150 სთ-ში. ამასთან, რუსული და თურქული ძალები საზღვრის გასწვრივ 10 კმ-იან ზონაში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ ყველგან, გარდა ქალაქ ქამიშლისა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსული და თურქული ძალები ერთობლივ პატრულირებას 1 ნოემრიდან დაიწყებენ.