„ფრონტზე 50 000 პატიმრიდან 10 000 დარჩა“: ოლგა რომანოვა „ვაგნერის“ დანაკარგებზე საუბრობს
24/01/2023 08:14:25 მსოფლიო
50 000 რუსი მსჯავრდებულიდან, რომლებიც რუსულმა არაფორმალურმა დაჯგუფება „ვაგნერმა“ გადაიბირა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ფრონტზე მხოლოდ 10 000 ადამიანი დარჩა, – ამ სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს ფონდ "რუს სიდიაშიაია“–ს ხელმძღვანელი ოლგა რომანოვა My Russian Rights–თან ინტერვიუში.
„ჩვენი მონაცემებით, დეკემბრის ბოლოს 42-43 ათასი [პატიმარი] იქნა გადაბირებული, ამ დროისთვის 50 ათასზე მეტია. 10 000 ფრონტზე იბრძვის, რადგან ყველა დანარჩენი ან იღუპება, ან უგზო–უკვლოდ დაიკარგა, ან დეზერტირობს, ან ტყვედ ჩავარდა“,– თქვა რომანოვამ.
მისი თქმით, დაქირავებული მსჯავრდებულების „საშინელი ძალით“ დერეტირობის პროცესი შემოდგომაზე დაიწყო. ბევრმა მათგანი უკან – რუსეთში დაბრუნდა და თან წაიღო იარაღი. მან მაგალითად მოიყვანა როსტოვის ოლქში გასული წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ შეიარაღებული კაცი „ვაგნერის“ მებრძოლი იყო, მსჯავრდებული, რომელმაც ფრონტი დატოვა.
რომანოვამ ასევე აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინი – „ვაგნერის“ დამაარსებელი, რომელიც "დაჰპირდა პუტინს ომში გამარჯვებას" – არ აწარმოებს სტატისტიკას უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ტყვედ ჩავარდნილი პატიმრების თაობაზე, ყველა მათგანს დაღუპულად აცხადებს.
„ვაგნერი“ აგრძელებს ციხეებიდან პატიმრების საომრად გაყვანას. ახლა ჩეჩნეთში დაიწყო გადაბირების პროცესი და ოლგა რომანოვას თქმით, ამ გზით, რუსეთში უკვე დაიწყო პატიმრების გადაბირების მესამე ტალღა, რომელიც მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონის კოლონიებს. ამასთან, შეჩერებულია ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი. პირველი ტალღა დაიწყო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 2022 წლის 26 ივნისიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე - ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში 21 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე.
„აქცენტი“ ესაუბრა ქართველ სამხედროს უკრაინაში, რომელიც ამჟამად უკრაინის ერთ–ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ბახმუტის მიმართულებაზე იბრძვის და სადაც შეტევებს ახორციელებენ „ვაგნერელები“:
„არ გააქვთ ცხედრები, არც მარხავენ – მიწაზე მოფენილია ხუთი თვის წინანდელი ცხედრებიც კი. ამას ახალი ემატება და სავსეა მიდამო. ცხედრებს ზედ აბიჯებენ და ყოველგვარი დაცვის გარეშე უშვებენ შეტევაზე პირველი მსოფლიო ომის მეთოდით“.
იხილეთ ასევე: 15% ოფიცერია – BBC უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს


