კალიფორნიაში მასობრივი მკვლელობა მოხდა
24/01/2023 07:37:53 მსოფლიო
კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
CNN-ის ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში. სხვა დეტალები უცნობია.
22 იანვარს 11 ადამიანი მოკლეს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში. ქალაქში, სადაც ბევრი აზიელი ემიგრანტი ცხოვრობს, მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ. მკვლელობის ადგილიდან გაქცეულ თავდამსხმელს მიაკვლიეს მეზობელ ქალაქ ალჰამბრაში და როცა პოლიციამ თავდამსხმელის მანქანა ალყაში მოაქცია, ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. ის წარმოშობით აზიელი, 72 წლის ჰუ ცან ტრანი იყო.


