რუსეთის სამხედრო სარდლობაში ცვლილებების შესახებ იუწყებიან
23/01/2023 20:17:08 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეცვალა სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურები, - წერს РБК საკადრო გადაწყვეტილების მცოდნე და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ამ ინფორმაციის მიხედვით. დასავლეთის სამხედრო ოლქს გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევის ნაცვლად გენერალ-ლეიტენანტი ევგენი ნიკიფოროვი უხელმძღვანელებს.თავად კუზოვლევმა დაიკავა სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტი.
კუზოვლევის დასავლეთის სამხედრო ოლქიდან გაშვებისა და ნიკიფოროვის დანიშვნის შესახებ ცნობა ადრე უკრაინულმა და ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურებმა განაცხადეს, რომ კუზოვლევი "გათავისუფლდა" "რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობაში არსებული შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამო". სამხრეთის სამხედრო ოლქში გადაყვანის შესახებ ცნობა მანამდე არ ყოფილა.
უკრაინულმა დაზვერვამ ნიკიფოროვს უწოდა "კანდიდატი სუროვიკინ-პრიგოჟინის ჯგუფიდან" (უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი და რუსული არაფორმალური დაჯგუფების „ვაგნერის“ დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი). საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat წერდა ნიკიფოროვის კავშირების შესახებ „ვაგნერის“ ჯგუფთან. 2014–2015 წლებში გენერალი ხელმძღვანელობდა 58-ე არმიის შტაბს, რომელიც იყო დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის „ხერხემალი“.
ნიკიფოროვის ამოცანა იქნება კრემენნოის და სვატოვოს შენარჩუნება ლუგანსკის რეგიონში, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყებამ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში ნიკიფოროვი მონაწილეობდა კიევის წინააღმდეგ წარუმატებელ შეტევაში, როგორც აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. მისი ჯარები ჩერნობილის გავლით ცდილობდნენ უკრაინის დედაქალაქში შესვლას.
სამხრეთ სამხედრო ოლქს ადრე ხელმძღვანელობდა ალექსანდრე დვორნიკოვი, რომელიც შემდეგ გახდა რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური, სანამ ის ოქტომბერში სერგეი სუროვიკინმა არ შეცვალა. თავად სუროვიკინი, სამი თვის ხელმძღვანელობის შემდეგ, ასევე შეცვალა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური მეოთხედ შეიცვალა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ როგორც სამხედრო ოლქების, ისე ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურების მუდმივი ცვლილება მიუთითებს შიდა უთანხმოებაზე..


