ბლინკენი ალიევს ლაჩინის გახსნისკენ მოუწოდებს

23-01-2023 23:23:49 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუწოდა, გახსნას მთიანი ყარაბაღის სახმელეთო გზა სომხეთთან.

მისი თქმით, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტს პრესმდივანი ნედ პრაისი 23 იანვრის განცხადებაში აღნიშნავს, ბლინკენი ალიევს ტელეფონით ესაუბრა, "რათა გამოსულიყო მოწოდებით კომერციული ტრანსპორტისთვის ლაჩინის დერეფნის დაუყოვნებელი გახსნისკენ":

"მან ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე ძირს უთხრის სამშვიდობო პერსპექტივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის".

გასულ კვირაში ბლინკენი ელაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და გამოთქვა "ღრმა შეშფოთება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესების შესახებ" დერეფნის ბლოკირების გამო.

აზერბაიჯანელ დემონსტრანტებს 12 დეკემბრის შემდეგ აქვთ ბლოკირებული ერთადერთი გზის მონაკვეთი, რომელიც მთიან ყარაბაღს აკავშირებს.

აზერბაიჯანის მხარე ირწმუნება, რომ გზა ღიაა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის, გადაუდებელი მომსახურებისთვის და მშვიდობის დამცველი სამხედროებისთვის.

სომხეთი ბლოკადას აფასებს 2020 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების უხეშ დარღვევად, რომლითაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი. კონფლიქტის ზონაში სიტუაცია პერიოდულად იძაბება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები