
"ესტონეთის" კატასტროფა: სამი ქვეყნის გამომძიებლებმა შუალედური შედეგები წარმოადგინეს
23/01/2023 18:19:22 ევროპა
1994 წელს ბორან "ესტონეთის" კატასტროფა, რომელსაც თითქმის 900 ადამიანი შეეწირა, დიდი ალბათობით, გამოწვეული იყო ხომალდის უგულებელყოფილი მდგომარეობით - შესაძლო დანგრევის ან მისი სხვა გემთან შეჯახების ვერსიები არ არის გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით,– ამის შესახებ, ERR-ს ცნობით, ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის და შვედეთის ერთობლივი გამოძიების შუალედურ შედეგებში.
„ჯერჯერობით არაფერია აღმოჩენილი ისეთი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ავარიის შესახებ ტექნიკურ დასკვნებს და მიზეზებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო ესტონეთის უბედური შემთხვევის გამოძიების კომისიის (JAIC) 1997 წლის ანგარიშში“, - განაცხადეს ესტონეთის უსაფრთხოების ინციდენტების საგამოძიებო ცენტრმა და შვედეთის კატასტროფების გამოძიების სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთობლივ ანგარიშში.
ამასთან, როგორც ესტონეთის უსაფრთხოების ინციდენტების გამოძიების ცენტრის ხელმძღვანელმა რენე არიკასმა შუალედური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხომალდის დაღუპვა გამოიწვია გემთან შეჯახებამ, ასევე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება მოხდა გემის წინა მხარეში.
პრესკონფერენციაზე ესტონეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ასევე უჩვენეს გემის სამგანზომილებიანი მოდელის ფრაგმენტები 45 000 ფოტოს გამოყენებით და, მათ შორის, ბორტზე არსებული ხვრელების მდებარეობა.
"მოდელში ჩვენ ვხედავთ ზიანს მარჯვენა მხარეს და ზღვის ფსკერზე. სიმულაცია აჩვენებს, რომ ზღვის ფსკერი შეესაბამება ზიანს", - თქვა შვედეთის წარმომადგენელმა იონას ბეკსტრანდმა.
მისი თქმით, მარჯვენა მხარეს ორ ხვრელს შორის დაზიანების სიგრძე დაახლოებით, 22 მეტრია, რაც ზღვის ფსკერის ფორმას მიჰყვება.
„ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია სამუშაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ზიანი მიადგა ზღვის ფსკერზე შესაძლო შეჯახებაით“, - თქვა ბექსტრანდმა და დასძინა, რომ ფსკერზე შეჯახებამ შესაძლოა, გემის ხიდის დეფორმაციაც გამოიწვია.
„ესტონეთი“ 1994 წლის სექტემბრის ბოლოს ჩაიძირა. დაიღუპა 852 ადამიანი, მათ შორის ლატვიისა, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის მოქალაქეები. კატასტროფა ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ საზღვაო ტრაგედიად მშვიდობიან პერიოდში.
ოფიციალური ვერსიით, ქარიშხლის დროს გემის წინა მხარეს საფარველი მოშორდა და დიდი რაოდენობით წყალი შევიდა გემბანიდან, რამაც გამოიწვია გემის დატბორვა და ჩაძირვა. მაგრამ 2020 წლის Discovery Network-ის საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც უჩვენა მანამდე უცნობი ხვრელები ჩაძირული გემის კორპუსზე, შვედეთმა განაცხადა, რომ განახორციელებს კანონში ცვლილებებს, რათა დაუშვას ბორანის წყალქვეშა გამოკვლევა.