
შეიარაღებული ინციდენტი კოსოვოში, დაჭრილია სერბი
23/01/2023 17:06:41 ევროპა
კოსოვოს ჩრდილოეთით, ავტომაგისტრალზე სროლა იყო კოსოვოს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მონაწილეობით, რის შედეგადაც ერთი სერბი დაიჭრა.
სერბეთში განაცხადეს, რომ კოსოვოს პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც ორშაბათს დილით ბისტრიცას ხიდზე აესებულ "უკანონო საგუშაგოზე მოძრაობდა“. შედეგად ერთ-ერთმა სერბმა, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ჭრილობა მიიღო გულ-მკერდის არეში. ის სერბეთის ქალაქ კრალევოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. სერბული მხარის ცნობით, მანქანა დაცხრილული იყო.
კოსოვოში კი აცხადებენ, ავტომობილმა საგუშაგოზე გაჩერებისას მოულოდნელად დაიწყო მოძრაობა, დაეჯახა პოლიციის მანქანას და მოძრაობა განაგრძო, „რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა პოლიციელების სიცოცხლეს“. და რომ ამის შემდეგ გახსნა ცეცხლი პოლიციამ, თუმცა მანქანამ შემთხვევის ადგილიდან დატოვება მოახერხა. კოსოვოს სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
6 იანვარს ორი სერბი – 21 წლის მილოშ სტოიანოვიჩი და მისი ბიძაშვილი, 11 წლის სტეფან სტოიანოვიჩი დაჭრეს კოსოვოს სამხრეთით, შტრეპცეს მუნიციპალიტეტის სოფელ გოტოვუშასთან. ბიჭები ამბობენ, რომ მათ მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი, როდესაც ნაძვის ხე და სერბეთის დროშა მიჰქონდათ. უფროსი ბიჭი დაიჭრა მაჯაში, უმცროსი – მხარში.
მოგვიანებით კოსოვოს პოლიციამ დაადასტურა სროლა და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამხრეთ კოსოვოში, ქალაქ უროშევაცში 33 წლის მამაკაცი დააკავეს. მოგვიანებით დაადგინეს, რომ დაკავებული ა.კ. კოსოვოს უსაფრთხოების ძალებში მსახურობდა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ დაგმო თავდასხმა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისთვის.