„სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით იწყება ახალი ეტაპი ევროკავშირის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში"

23-01-2023 20:10:19 კავკასია

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისია (EUMA) შექმნას. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

„სომხეთში ევროკავშირის მისიის დაარსებით იწყება ახალი ეტაპი ევროკავშირის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ევროკავშირი გააგრძელებს დეესკალაციის მცდელობების მხარდაჭერას და მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ორივე მხარესთან, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს - მდგრად მშვიდობას რეგიონში“ , - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.

მისიის მიზანია სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობა, ადგილზე ნდობის განვითარება და ხელსაყრელი პირობების შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევისთვის.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სომხეთის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMA განახორციელებს რეგულარულ პატრულირებას და წარმოადგენს მოახსენებას სიტუაციის შესახებ.

მისია ასევე ხელს შეუწყობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მედიაციის ძალისხმევას.

EUMA-ს თავდაპირველი მანდატი ორწლიანი იქნება და მისი ოპერატიული შტაბი დაფუძნებული იქნება სომხეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები