
პოლონეთში აღშფოთდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა ექს–მინისტრ სიკორსკის განცხადებებით "უკრაინის დაყოფის" შესახებ
23/01/2023 14:42:36 ევროპა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მოუწოდა ოპოზიციას, გაემიჯნოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრ რადოსლავ სიკორსკის სიტყვებს, "უკრაინის დაყოფის" შესახებ.
სიკორსკიმ რადიო Zet-ის ეთერში 23 იანვარს, დილით ისაუბრა. სხვა საკითხებთან ერთად, წამოიჭრა უკრაინის ომის თემაც. კერძოდ, მას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პოლონეთის მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის გაყოფაზე ფიქრობდა.
„ვფიქრობ, ომის პირველი ათი დღის განმავლობაში იყო დაეჭვების მომენტი, როცა ყველა ვერ ვხედავდით, რა მოხდებოდა, რომ შესაძლოა, უკრაინა დაცემულიყო. რომ არა ზელენსკის გმირობა და დასავლეთის დახმარება, შესაძლოა, სხვადასხვა რამ მომხდარიყო“, - თქვა სიკორსკიმ.
ამ განცხადებას პოლონეთის მთავრობის მეთაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტყვები არაფრით განსხვავდება რუსული პროპაგანდისგან. სხვათა შორის, რუსული პროპაგანდა 2015 წლიდან აქცენტირებს, თითქოს დასავლეთ უკრაინის მითვისება პოლონეთს სურს.
"ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა აწონ-დაწონოს თავისი სიტყვები. მისგან ველი, რომ უარს იტყვის ამ სამარცხვინო განცხადებებზე. მოვუწოდებ ოპოზიციას, გაემიჯნოს რადოსლავ სიკორსკის განცხადებას", - განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა ასევე გააკრიტიკა სიკორსკი: "ხალხს თქვენი სტანდარტებით ნუ აფასებთ. ეს თქვენი პოლიტიკა იყო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა. ეს იყო თქვენი მთავრობა, რომელიც შეხვდა პუტინს მოსკოვში".
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში პოლონეთის მმართველმა პარტიამ წარადგინა კანონპროექტი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებს რუსეთის გავლენას პოლონეთის საშინაო პოლიტიკაზე 2007-2022 წლებში.