
საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
23/01/2023 10:27:35 საზოგადოება
20 იანვრის ღამეს საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა, მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე გართულების რისკი რჩება მაღალი“, - თქვა საგარეჯოში არსებული კლინიკის "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორმა, ქირურგმა მამუკა ოთიაშვილმა.
კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში რჩება კიდევ ორი დაჭრილი. ექიმების თქმით, მათ რამდენიმე დღეში გაწერენ.
20 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", სროლის ხმა ისმოდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გაირკვა, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი ისროდა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი. კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი დაიჭრა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.