
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს
23/01/2023 08:11:04 საზოგადოება
შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს.
„თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს. უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ ბორჯღალოსნებსა და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ ბორჯღალოსნებო!" - აცხადებს ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი სტივ მეისი.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, კარდიფში, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ, სადაც ბორჯღალოსნებმა მასპინძელი მორაგბეები, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.
გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.
„ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - ასე გამოეხმაურა 19 ნოემბერს ჯორჯიის რაგბის კავშირი გულშემატკივრებს, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.