კალიფორნიაში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა
23/01/2023 06:05:10 მსოფლიო
ლოს-ანჯელესის საოლქო პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ მონტერეი-პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა თეთრ ფურგონში, რომელიც სამართალდამცავებს ალყაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ მოქცეული. ის წარმოშობით აზიელი, 72 წლის ჰუ ცან ტრანი იყო. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
22 იანვარს შეიარაღებულმა კაცმა 10 ადამიანი მოკლა და 10 დაჭრა კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეი-პარკში. ქალაქში, სადაც ბევრი აზიელი ემიგრანტი ცხოვრობს, ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ.
ამერიკულ არაკომერციულ ჯგუფს, Gun Violence Archive-ს 2023 წლის პირველ 22 დღეში, შეერთებულ შტატებში აღრიცხული აქვს მასობრივი სროლის სულ მცირე 36 ფაქტი. მხოლოდ კალიფორნიაში მოკლულია 16 ადამიანი.
ამერიკელების ნაწილი დიდი ხანია მოითხოვს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის მაქსიმალურად შეზღუდვას. 2022 წელს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს, რომელიც ითვალისწინებს იარაღის შეძენის მსურველი, 18-21 წლის ასაკის პირების უფრო მკაცრად შემოწმებას. იარაღს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიძენს ოჯახური ძალადობისთვის სასჯელმოხდილი პირი. 15 მილიარდი დოლარი გამოიყო სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის და მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის.


