ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს
21/01/2023 11:06:31 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ ტანკების მიწოდება საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
„ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები, მოვუწოდებთ გერმანიას, ახლავე მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტანკები. ეს საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად. გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ძალას, ამ მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. პოლონეთმა და ფინეთმა ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე მზაობა უკვე გამოთქვეს, თუმცა ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ გაგზავნისთვის მათ გერმანიის ნებართვა სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს.
რამშტაინის შეხვედრამდე დასავლური მედია წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამერიკა უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
რამშტაინის შეხვედრა 20 იანვარს გაიმართა. ჟურნალისტებთან აშშ-სა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა უარყვეს, რომ Leopard-ის გადაცემას, რაიმე კავშირი აქვს უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემასთან.
თავად გერმანიის კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გერმანია მარტო არ იმოქმედებს. რამშტაინის შეხვედრისას ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე ბერლინი ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არაა. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, კიევისთვის ტანკების მიწოდება დააჩქაროს.


