"უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის უნდა გაგზავნილიყო" - რუსეთში საწვავის სატვირთო მანქანას და სარკინიგზო ავზებს ცეცხლი გაუჩნდა
21/01/2023 10:32:20 მსოფლიო
რუსეთში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ ანგარსკში საწვავის სატვირთო მანქანას და სარკინიგზო ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, ხანძრი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი სამრეწველო უბნის ტერიტორიაზე ავტოცისტერნის საწვავის შევსებისას გაჩნდა.
ტელეკომპანია Zvezda-ს ცნობით, ხანძარი ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ხანძარი დაახლოებით ერთ საათში ჩააქრეს და არავინ დაშავებულა. მომხდარის მთავარ მიზეზად საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ასახელებს.
აალებული საწვავის ავზები უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარებისთვის უნდა გაგზავნილიყო, - წერს ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრაჩუკი თავის Telegram არხზე.
თითქმის ერთი თვის წინ, 15 დეკემბერს, ანგარსკში აფეთქდა როსნეფტის შვილობილი კომპანიის, ნავთობქიმიური კომპანიის (ANHK) ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.
გასული წლის ბოლოს რუსეთში ზედიზედ რამდენიმე ხანძარი გაჩნდა დიდ საწყობებში, სავაჭრო ცენტრებში და ნავთობისა და გაზის ქარხანაში.
12 იანვარს, მოსკოვის მახლობლად მდებარე ბალაშიხაში ღია ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები გაჩნდა, შემდეგ კი იმავე დღეს დაიწვა ნიჟნეკამსკში "ნიჟნეკამსკნეფტეხიმის" საწყობი. 13 იანვარს სანქტ-პეტერბურგში "ზვეზდას" მანქანათმშენებლობის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.


