
საგარეჯოში თავდასხმისას დაჭრილებს შორის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრია
20/01/2023 10:50:15 საზოგადოება
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილებს შორის პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ვალერი მათიაშვილია.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამჟამად მათიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ვალერი მათიაშვილია ჩვენი პარტიის წევრი, საგარეჯოს სიის პირველი ნომერი იყო ადგილობრივი არჩევნების დროს. ფეხშია დაჭრილი, ამ წუთებში მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა ვიყავი, მოვინახულე, გავესაუბრე კიდევაც. დაიჭრა მაღაზიასთან, მისი მაღაზიაა და მაღაზიაში აპირებდა შესვლას, ამბავი რომ დაიწყო, რომ თანამშრომლები გაეფრთხილებინა, რომ არ გამოსულიყვნენ და მაგ დროს აქვს მოხვედრილი. "გარეთ ვიყავი, მესმოდა ხმები, ვიღაცებმა დაიძახეს "დაწექითო", მაგრამ რახან ნათლისღება იყოო, უცებ ვერ მივხვდიო, რამდენად სერიოზული ამბავი იყო და მერე მივხვდი, რომ სერიოზული ამბავი იყო და შევბრუნდი, რომ თანამშრომლები გამეფრთხილებინაო", - ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.