სანქციების გამო 2022 წელს ფრენები 9 რუსულმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა
20/01/2023 09:24:26 მსოფლიო
2022 წელს 9 რუსულმა ავიაკომპანიამ ფრენა შეწყვიტა, 4-მა კი ექსპლუატანტის სერტიფიკატები დაკარგა. შემთხვევების უმეტესობაში ფრენის შეწყვეტა უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ სანქციებს უკავშირდება, - იუწყება რუსული გამოცემა "Коммерсантъ".
მისივე ინფორმაციით, სამი სერტიფიკატი უშუალოდ დასავლური სანქციების გამო იქნა გაწვეული.
ავიაკომპანია "Камчатка"-მა მუშაობის შეჩერების შესახებ აშშ-ში სამი ერთეული Cessna Grand Caravan თვითმფრინავის შეძენის შეუძლებლობის გამო გამოაცხადა. SkyGate, რომელიც ტვირთების გადაზიდვის მოცულობის კუთხით მესამე ადგილს იკავებდა, ახლა აზერბაიჯანში მუშაობს. პეტერბურგული კომპანია "Быстролет" გეგმავდა, გამოეყენებინა ჯეტები Hawker Beechcraft, მაგრამ თვითმფრინავის არქონის გამო სერტიფიკატი დაკარგა. კომპანიამ "Роствертол Авиа", რომელიც "Ростех"-ის სტრუქტურებში შედის, ვერ გამოიყენა ვერტფრენები МИ-2 სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2022 წელს სერტიფიკატები ასევე დაკარგა კალინინგრადულმა კომპანია "სკოლმა", რომელიც ახლა გაბანკროტების სტადიაშია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როსავიაციამ მას საჰაერო ხომალდების გამოყენება ჯერ კიდევ 2021 წელს აუკრძალა.
გასულ წელს დასავლური სანქციების ფონზე მუშაობა შეწყვიტეს Royal Flight-მა, ბიზნეს-ოპერატორმა "Сириус Аэро"-მ, სატვირთო "Атран"-მა და AirBridgeCargo-მ, თუმცა ისინი სერტიფიკატებს ინარჩუნებენ.
აღსანიშნავია, რომ ექსპლუატანტის სერტიფიკატი აღდგენას არ ექვემდებარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს სერტიფიკატი 5 რუსულ კომპანიას აქვს დაკარგული.
"Коммерсант"-ის ინფორმაციით, როსავიაციის რეესტრში 114 გადამზიდავი კომპანია ირიცხება, თუმცა მგზავრთნაკადის 2/3-ს მხოლოდ 5 ყველაზე მსხვილი მათგანი უზრუნველყოფს.
ანალიტიკოსების აზრით, ვითარება უკიდურესად არახელსაყრელია რეგიონული კომპანიებისთვის, რომელთაც მსხვილი გადამზიდავების სტრუქტურებში შესვლა მოუწევთ.


