"კამპანიის მთავარი კომპონენტი გახდა": ბრიტანულმა დაზვერვამ დაასახელა უკრაინაში "ვაგნერის" მებრძოლების რაოდენობა
20/01/2023 09:10:33 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ახლა უკრაინაში დაახლოებით 50 000 მებრძოლს მეთაურობს და რუსული კამპანიის ძირითად კომპონენტად იქცა, განაცხადა ბრიტანულმა დაზვერვამ 20 იანვარს.
„2022 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში აღინიშნა, რომ გასამხედროებული დაჯგუფება „ვაგნერი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა იურიდიულ პირად. ჯგუფმა თავის ძირითად საქმიანობად გამოაცხადა "მართვის თაობაზე კონსულტაცია". სამხედრო მომსახურეობის თაობაზე საუბარი არ იყო. ჯერ–ჯერობით უცნობია, რამდენად იქნება გამოყენებული „ვაგნერის ცენტრი“ გასამხედროებული დაჯგუფების მართვისთვის. კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთში უკანონო რეჟიმში რჩებიან კანონმდებლობის რეფორმირების თაობაზე ხანგრძლივი დისკუსიის მიუხედავად“,– ნათქვამია ანგარიშში.
დაზვერვამ დასძინა, რომ „ვაგნერის“მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ნაწილობრივ აფინანსებდა ორგანიზაციას მისი სხვა კომპანიების მიერ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტების მეშვეობით.
„რეგისტრაცია აგრძელებს ჯგუფის ტრადიციულად გაუმჭვირვალე საჯარო პროფილის უკიდურესად სწრაფ განვითარებას.პრიგოჟინმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში აღიარა „ვაგნერთან“ კავშირი; 2022 წლის ოქტომბერში ჯგუფმა გახსნა თავისი შტაბ-ბინა პეტერბურგში“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.
დაზვერვა დასძენს, რომ რეგისტრაცია სავარაუდოდ, მიზნად ისახავს პრიგოჟინის კომერციული მოგების მაქსიმიზაციას და შემდგომში ორგანიზაციის კიდევ მეტად ლეგიტიმაციას.
„ვაგნერი“არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში. ორგანიზაცია ეჭვმიტანილია მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულებში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ის მოქმედებს.
იხილეთ ასევე: „ვაგნერს“ აქვს არა წინსვლა, არამედ მხოლოდ სიკვდილი – უოლესი


