
პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
20/01/2023 08:25:11 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, - აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.