
პრეზიდენტი საგარეჯოში მოკლულთა ოჯახებს უსამძიმრებს
20/01/2023 08:21:36 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს.
თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია, ოთხი თავდამსხმელი ყოფილი სამხედროს მეზობელი.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.