
სააკაშვილი: "ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი“
20/01/2023 07:51:24 საზოგადოება
საქართველოს პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წერილობრით მიმართა. მისი წერილის შინაარსი მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა დარბაზში, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობენ.
"ჩართვასაც ვერ შევძლებ. გუშინ ღამე გონება დავკარგე და დავეცი", - წერს სააკაშვილი.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ გასცემს მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას. სწორედ აღნიშნულ ოქმს ჰქონდა სააკაშვილის მინაწერიც გონების კარგვასთან დაკავშირებით.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაკითხავენ.