პენტაგონში განმარტეს, ახლა რატომ „არ აქვს აზრი“ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების მიწოდებას
20/01/2023 07:08:25 მსოფლიო
ამერიკული „აბრამსის“ ტანკები უფრო მომთხოვნი არიან, ვიდრე მათი ევროპული ანალოგები,– ამგვარად განმარტა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბრინა სინგმა19 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხედვა, რომ ამ დროისთვის აზრი არ აქვს უკრაინაში „აბრამსების“ გაგზავნას. როგორც ცნობილია, გერმანიის პოზიციაა, რომ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტანკებს იმ შემთხვევაში მიაწვდის, თუ აშშ გაგზავნის თავის „აბრამსებს“.
„აბრამსთან“ დაკავშირებით პრობლემა უფრო მოვლა-პატრონობას ეხება. ეს არის ტანკი, რომელსაც სჭირდება საავიაციო საწვავი, ხოლო „ლეოპარს“ და „ჩელენჯერს“ განსხვავებული ძრავები აქვთ – მათ სჭირდებათ დიზელი, მათი შენარჩუნება უფრო ადვილია, მათ დიდ ტერიტორიაზე შეუძლიათ მანევრირება, ვიდრე საწვავის შევსება დასჭირდებათ“, - თქვა სინგმა.
დეპარტამენტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამერიკულ ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას ახლა „უბრალოდ აზრი არ აქვს“ სწორედ სირთულის და ტექნიკური მომსახურების მაღალი ღირებულების გამო.
იმის ალბათობაზე საუბრისას, დათანხმდება თუ არა ბერლინი უკრაინის არმიისთვის საკუთარი ტანკების მიწოდებაზე, სინგმა უპასუხა, რომ ეს "გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს“.
იხილეთ ასევე: "ისინი თავს იცავენ, როგორც ეშმაკი ნაკურთხი წყლისგან": პოლონეთის პრემიერი გერმანიაზე საუბრობს
19 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამერიკელ კონგრესმენებს დავოსში განუცხადა, რომ ბერლინი გადასცემს კიევს მძიმე ტანკებს, თუ აშშ თავის „აბრამსის“ ტანკებს გაგზავნის. თეთრ სახლში გერმანიის საპასუხოდ თქვეს, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.
უკრაინის პრეზიდენტმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ აღნიშნა კიევისთვის სამხედრო მანქანების მიწოდების დაჩქარების მნიშვნელობა, რადგან „ყოველი წუთი არის ადამიანი“. პოლიტიკოსის თქმით, რაც უფრო სწრაფად შეძლებს უკრაინის არმია ტერიტორიების დეოკუპაციას, უკრაინა მით მეტ საკუთარ მოქალაქეს გადაარჩენს.


