აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა გაიზრდება
19/01/2023 09:54:57 მსოფლიო
18 იანვარს, ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა გაიმართა. შემაჯამებელ განცხადებაში ბლინკენი და ჩავუშოღლუ ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთის მიუღებელი ომის წინააღმდეგ.
აშშ თურქეთს "მადლობას უხდის როლისთვის, რომელსაც ის ასრულებს შავი ზღვით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში".
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა "ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობა ისეთი ტემპით, რომელიც აუცილებელია მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად".
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გაიზრდება კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად.
ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ განიხილეს თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევების გამო NATO-ს კოორდინაციისა და სოლიდარობის განმტკიცების გზები და დაადასტურეს ერთგულება კოლექტიური თავდაცვის და NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ოფიციალური განცხადების მიხედვით, განსახილველ საკითხებს შორის იყო NATO-ში ფინეთის და შვედეთის მისაღებად ამ ქვეყნებსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმების რეალიზაციის საკითხი. ანკარა ამ პროცესს დღემდე აფერხებს.


