რუსი სამხედროები პუტინს მიმართავენ
19/01/2023 07:38:01 მსოფლიო
რუსეთის იაროსლავის რეგიონიდან მობილიზებულებულმა სამხედროებმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მიმართეს.
ისინი აცხადებენ, რომ უკრაინაში ბრძოლების დროს მეთაურმა უკან დახევის ბრძანება გასცა, ახლა კი ამას უარყოფს და ქვეშევრდომებს სდებს ბრალს ბრძოლის ველიდან გაქცევაში და სურს, მათ დეზერტირობაში დასდოს ბრალი.
სამხედროები განმარტავენ, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს ტანკებიდან და ნაღმტყორცნებიდან, ხოლო თავად მხოლოდ ტყვიამფრქვევები ჰქონდათ და არტილერია ზურგს არ უმაგრბდათ.
„ხელმძღვანელობისთვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ“,– ასკვნის რუსი სამხედრო.
მათ ასევე თქვეს, რომ კომისარიატში ტერიტორიული თავდაცვის ნაწილში ჩარიცხვას დაჰპირდნენ, თუმცა ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.
სამხედროების მიმართვა მობილიზებულთა ვიდეომიმართვა იაროსლავის გამოცემამ "Про город"–მა გამოაქვეყნა. გამოცემა განმარტავს, რომ ფლობს მონაცემებს სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით არ ასაჯაროებს.
მანამდე გამოცემა წერდა, რომ იაროსლავიდან მობილიზებულების ცოლებმა მოამზადეს წერილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბასტრიკინისთვის, სადაც ჩიოდნენ, რომ მათი ქმრები ფრონტის ხაზზე გაგზავნეს, სადაც, მათი აზრით, პროფესიონალი ჯარისკაცები უნდა იყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ქმრებს არც ტანკები აქვთ და არც ავტომატები, მათი იარაღი 1984 წელს წარმოებული ავტომატია. მათივე თქმით, აღჭურვილობას ქმრები ან თავად ყიდულობენ, ან ახლობლები უგზავნიან.
იაროსლავის ოლქის მთავრობამ მიმართა პროკურატურას აუდიტის ჩატარების მოთხოვნით.
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სხვადასხვა რეგიონიდან დაიწყო ინფორმაციის გაჟონვა, რომ მობილიზებულებს არ აქვთ სათანადო აღჭურვილობა, მათ სთხოვენ, დამოუკიდებლად შეიძინონ დამცავი საშუალებები და პირველადი დახმარების ნაკრები.
ზოგ შემთხვევაში, მათი ახლობლები ამისთვის სესხებს იღებენ. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ 300 000 ახალწვეულისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ცუდად მომზადებული აღმოჩნდა.


