
„დასაქმებულები ყოველწლიურად ღარიბდებიან“: პეტრიაშვილი საკადრო დეფიციტსა და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობს
18/01/2023 11:43:02 საზოგადოება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა დასაქმებულთა პრობლემებზე, მათ შორის, არასათანადო ანაზღაურებაზე.
მისი თქმით, ბიზნესის ზოგიერთ დარგში დასაქმებულები კვირაში კვლავ 48 საათი მუშაობენ, თუმცა მათ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ – დასაქმებულები ყოველწლიურად ღარიბდებიან.
„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან გარკვეულწილად აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილია სპეციალურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით. თითქოს მათთვის ეს გახლავთ გარკვეულწილად მოულოდნელობა, რომ კადრების დეფიციტი და კადრების მოზიდვის პრობლემა აქვთ და ა.შ. რეალურად, სხვადასხვა დარგში დასაქმებული ადამიანები კვირაში 40 საათს უნდა მუშაობდნენ და მათ დამსაქმებლები ამუშავებდნენ 48 საათი, სწორედ იმიტომ, რომ ჯიბიდან ზედმეტი თანხა არ ამოეღოთ, ხოლო ზეგანაკვეთური შრომა არ დაეფასებინათ. იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავ ქვეყანაში განიხილება 35-საათიანი და 4-დღიანი სამუშაო კვირა, ჩვენ ქვეყანაში დავა გვაქვს და ბიზნესი თავში ხელს ირტყამს იმასთან დაკავშირებით, რომ 48-საათიანი უნდა ყოფილიყო სამუშაო კვირა და მთავრობამ რატომ შეზღუდა. დამსაქმებლების მიერ ეს ქმედება სიძუნწესთან დაკავშირებული ალიაქოთია, რომელსაც რეალობასთან, ბიზნესთან და ეკონომიკის გაუბედურებასთან ან გაპარტახებასთან საერთო არაფერი აქვს“,– განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, „როგორ უნდა ეშველოს დასაქმებას, თუ ერთი ადამიანი მინიმალური შემოსავლით მუშაობს 60,70, 80 საათი?! როგორ უნდა ეშველოს იმას, რომ 652 000 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამ 652 000-ში არიან დასაქმებული ადამიანებიც?! ანომალიაა, რომ ადამიანი დასაქმებული იყოს და ის ყოველწლიურად ღარიბდებოდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ მა შესაბამისი შემოსავალი, ანაზღაურება არ აქვთ!“.
ის მიგრაციას და საკადრო დეფიციტს შესაბამისი შრომითი ანაზღაურების არარსებობას უკავშირებს:
„გვესმის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, ის რასაც ბიზნესი აცხადებს, რომ მათ უჭირთ კადრების პოვნა, რა თქმა უნდა, კადრების პოვნა გაუჭირდებათ იმიტომ, რომ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ. ბუნებრივია, ეს ადამიანები ეძებენ გამოსავალს და ქვეყანას ტოვებენ. როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში 4%-ს შემოსავალი ჰქონდეს იგივე რაც 70%-ს ჯამში? ბიზნესს არ ესმის, რომ საათობრივი ანაზღაურება, რომ იყოს და 10 დოლარს შეადგენდეს, 40 საათის ზემოთ ჩაირთვება მრიცხველი და ის ზეგანაკვეთურად ნაანგარიშები იქნება იმიტომ, რომ საქართველო ვერ იქნება კუნძული, ის არ არის ჩრდილოეთ კორეა ან კუბა“.