რუსეთის უმდიდრესმა დეპუტატმა ჯარს ცარიელი ქილები შესწირა
18/01/2023 09:40:22 მსოფლიო
მოსკოვის მახლობლად მდებარე პოდოლსკის დეპუტატმა, „ერთიანი რუსეთის“ (მმართველი პარტია) წევრმა ევგენი ისაევმა ჯარის საჭიროებისთვის ათასი ცარიელი თუნუქის ქილა შესწირა. ამის შესახებ მის კოლეგამ სერგეი კულევმა გამოაცხადა და კოლეგებს მოუწოდა, მიბაძონ მაგალითს. სოციალურ ქსელში დეპუტატს შემდეგ ჯერზე სავსე კონსერვის ჩუქება ურჩიეს.
ამის გამო თავის მართლება მოუწია ისაევის თანაშემწეს. მისი მტკიცებით, დეპუტატი აქტიურადაა ჩართული მობილიზებულთა ოჯახების ჰუმანიტარულ დახმარებაში, მაგრამ ამაზე არ საუბრობს და თუნუქის ქილების ამბავი "კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი".
ისაევი არის რუსული კომპანიის Fish World-ის მფლობელი, რომელიც თევზის კონსერვებს აწარმოებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მან გამოიმუშავა 283 მილიონ რუბლზე მეტი და გახდა პოდოლსკის უმდიდრესი დეპუტატი. მანამდე კომპანიას ბრალი დასდეს ფალსიფიცირებული პროდუქტების რეალიზებაში.
ამასთან, პოდოლსკის სხვა დეპუტატებთან ერთად, ისაევი საკუთარ თავს უწერდა პრემიებს 5 წლის განმავლობაში და ამ გზით ნახევარი მილიონი რუბლი მიიღო. შემოწმების შემდეგ მას დაევალა უკანონოდ მიღებული თანხების დაბრუნება ქალაქის ბიუჯეტში. სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ პროკურორი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა პრეტენზიის განუხილველობა და მას თანხის დაბრუნება არ დასჭირვებია.


