თურქეთი შავი ზღვის საბადოდან გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს
18/01/2023 07:52:21 მსოფლიო
თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა დაასრულა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის გაზს მიიღებს ფილოსის ქარხნიდან, ასევე ხმელეთზე 36 კმ-იანი გაზსადენის გაყვანა, რომელიც აღნიშნულ სადგურს ქვეყნის გაზის განაწილების ეროვნულ სისტემასთან დააკავშირებს.
როგორც თურქული მედია წერს, პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი ამოიტუმბება. თუმცა, სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს.
მისივე ცნობით, თურქეთი შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას აგრძელებს.
"შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება.
შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც მდებარეობს სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში, ფილოსის ქარხანაში სპეციალური მილსადენით" - წერს მედია.


