„ამ პირობებში უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა აზრს კარგავს“: კისინჯერმა პოზიცია შეცვალა
18/01/2023 07:04:44 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა ცხადყოფს, რომ უკვე აზრი აღარა აქვს კიევის შეკავებას ნატოში შესვლისგან,– ასეთი განცხადება გააკეთა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა, რომელიც მანამდე მხარს არ უჭერდა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას.
„უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ამ პირობებში უკვე აზრს კარგავს“, - აღნიშნა კისინჯერმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ფორუმის მუშაობაში.
მისი თქმით, ნატოში უკრაინის წევრობა „შესაფერისი შედეგი“ იქნებოდა შექმნილ ვითარებაში.
გასული წლის მაისის ბოლოს გავრცელდა ცნობები, რომ კისინჯერმა კიევს შესთავაზა, ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებულიყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ეს იდეა.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა დავოსის ფორუმზე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთმა „ისწავლა გაკვეთილი, როგორ მოიქცეს რუსეთთან“.
მისი თქმით, უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, მაშინ ამ ქვეყანაში ახლა ომი არ იქნებოდა. თქვა, რომ ფინეთს ომი არ სურს და ამიტომ გეგმავს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გაძლიერებას, რაც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს.


