
უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს Patriot-ის სამი სისტემის მიღება და ეს მხოლოდ დასაწყისია – ზელენსკი
18/01/2023 06:32:06 ევროპა
უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს Patriot-ის სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ გადაწყვეტილებებზე მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმიართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
„ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მარკ რუტესგან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოვისმინეთ. ეს სიახლე რეალურად არის მასთან ჩვენი ბოლო მოლაპარაკებების გაგრძელება. უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთი ბატარეა მიეწოდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
21 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც პირველად ითვალისწინებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას. ამის შემდეგ გერმანიაც დაჰპირდა უკრაინას Patriot-ით უზრუნველყოფას. 17 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს.
ასამდე უკრაინელი ჯარისკაცი უკვე ჩავიდა აშშ–ში, ოკლაჰომას ბაზაზე Patriot-ის მართვის შესასწავლად.