Accentnews.ge
EBRD-მა 12-მდე მეტროსადგურის განახლებისთვის 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი გამოყო

EBRD-მა 12-მდე მეტროსადგურის განახლებისთვის 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი გამოყო

17/01/2023 11:01:33 ეკონომიკა

EBRD ხელს უწყობს უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას თბილისში, 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების დაფინასების საშუალებას იძლევა.- ამის შესახებ "აქცენტს" EBRD-დან აცნობეს.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი თბილისში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების დაფინასების საშუალებას იძლევა. ფინანსური პაკეტი მოიცავს 5 მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF).

თბილისი, რომლის მოსახლეობა 1.2 მილიონს შეადგენს, ერთ-ერთი პირველი შეუერთდა EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს მის წევრებს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში მდგრადი ინვესტიციების და პოლიტიკური ღონისძიებების საშუალებით. ეს ქალაქი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა (GCAP) შეიმუშავა. თბილისმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს თავისი ძალისხმევით, მათ შორის ავტოპარკის განახლებისა და ქსელის რესტრუქტურიზაციის კუთხით.

ახალი სესხი ეფუძნება ამ ფართო ძალისხმევას, რომლის ნაწილი გულისხმობს კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა სარგებელს მიიღებს მისი მეტროსადგურების საიმედოობის, ეფექტურობის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების შედეგად. ესკალატორების უკეთესი განათება, ვენტილაცია და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესებს თბილისელების ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს, ხოლო სადრენაჟე სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელის კლიმატისადმი მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივების მართვის ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, გაზრდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) შემოსავალს, რომელიც არ არის ტარიფთან დაკავშირებული, ამავდროულად გააუმჯობესებს სერვისს აუცილებელი ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის შემცირების გზით.

ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან, ბანკმა ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ფინანსური, კორპორატიული, ურბანული, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი გააუმჯობესებს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს რომ პროექტის წარმატებული შესრულება მეტ ხალხს უბიძგებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისკენ. პროექტი გააუმჯობესებს მეტრო სადგურების ხელმისაწვდომობას, სანდოობას და უსაფრთხოებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგო ეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა.

ბოლოს, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს როგორც ჩვენ საიმედო პარტნიორს, რომელიც ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. იმედი მაქვს რომ ეს პროდუქტიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება” - განაცხადა მინისტრმა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და პირადად ვაწერ ხელს ამ შეთანხმებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან. ბოლო წლებში თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად. მოხარული ვართ, რომ EBRD-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება“ - განაცხადა მარკ ბოუმენმა, EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში.

ცნობისთვის: EBRD-მა საქართველოში დღემდე 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S