
ამერიკელი ექსპერტი: „მენჯ-ბარძაყის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება, იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი“
17/01/2023 09:57:40 საზოგადოება
საქართველოს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისი პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავენ, ამერიკელი პროფესორი, სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი იკითხება.
მან პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გამოიკვლია, ჰქონდა საშუალება, ენახა რენტგენის სურათები, რაც მისი საექსპერტო დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ამერიკელმა სპეციალისტმა თქვა, რომ სააკაშვილს საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანისას კისერი დაუზიანდა. ამასთან, მისი თქმით, პატიმარს მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში ართრიტი აღენიშნება, რაც შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი.
ჯეიმს კობის განმარტებით, ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას.
„პაციენტი 8 ოქტომბერს გავსინჯე, შუადღეს, დაახლოებით 13:00 საათზე და მეორედ შუადღის შემდეგ. კისერი საკმაოდ გამაგრებული იყო. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამოც მას თავის მარცხნივ გადახრის საშუალება არ ჰქონდა. ასევე ძლიერი ტკივილი იყო მარცხენა მხრის მიდამოში, არ შეეძლო მარცხენა მხრის სახსრის მოძრაობა - მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში, ისე, როგორც ეს გვაჩვენა ეკრანზე. ეს ორი რაღაც, კისრის კუნთების გამაგრება და მხრის სახსარში არსებული ტკივილი ერთმანეთს ამძიმებდა. მისი მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო ძალიან სუსტი იყო. როდესაც შევისწავლე მენჯ-ბარძაყის სახსარი, შევადარე მარცხენა და მარჯვენა სახსრები და მარცხენა სახსარში მოძრაობა გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე მარჯვენაში. ასევე, მე მას ვთხოვე ფეხზე წამომდგარიყო, რათა შემესწავლა მისი ზურგის მიდამო. ის ეყრდნობოდა დასაყრდენ საშუალებას. ის მას მარჯვენა ხელით ეყრდნობოდა, მარცხენა ხელის გამოყენება პრაქტიკულად არ შეეძლო. მარცხენა ქვედა კიდურის მოძრაობა იყო სუსტი, შეზღუდული, რასაც თან ახლდა ტკივილი. შუადღის შემდეგ ის მე კიდევ ვინახულე იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი და მეორედ გადამემოწმებინა, რომ ყველაფერი ის, რაც აღმოვაჩინე, ნამდვილად სწორი იყო. მხრის სახსრის რენტგენი იყო გადაღებული, რენტგენის სურათზე მარტო ერთი პოზიცია იყო დაფიქსირებული და არა სხვა პოზიციები, ამდენად გამიძნელდა უკანა დისლოკაციის დიაგნოსტირება მხრის სახსარში. ნოემბერში მას მარცხენა მხრის სახსარზე MRI გაუკეთდა. MRI-ის კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იქ იყო ართრიტი და ასევე აღმოვაჩინე ღრმა ღარი მხრის ძვლის თავზე, რაც სავსებით შეესაბამებოდა დისლოკაციის დასკვნას. ასევე ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი და MRI-ის კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში.
როდესაც ის ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში იყო გადაყვანილი, გადაჰყავდათ უცნაურ პოზიციაში, რა დროსაც დააზიანეს მისი კისერი. მას, ასევე რამდენჯერმე ჰქონდა გულყრა. ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი არის ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას“, - აცხადებს ჯეიმს კობი.