
საელჩო:ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის გახსნა, იმ დიდი შრომის აღიარებაა, რომელიც აშშ-თან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია
17/01/2023 08:50:52 საზოგადოება
პირველად საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გასწია - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ახალი ცენტრი იქნება მსოფლიოში 800 ცენტრისგან შემდგარი უზარმაზარი ქსელის ნაწილი, რომელიც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას წევრ ქვეყნებს გაუზიარებს. ვულოცავთ ყველა კლინიცისტს, მეცნიერს, კანონმდებელსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ამ გაბედული გეგმის განხორციელებაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.
მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა. კერძოდ, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება.
ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.