„გერასიმოვის დანიშვნა რამდენიმე მიმდინარე პრობლემას უკავშირდება“: როგორ აღიქვეს რუსეთში საკადრო ცვლილება რუსულ სარდლობაში
17/01/2023 08:20:57 მსოფლიო
რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვის უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად დანიშვნას არ გამოუწვევია დიდი კრიტიკა ომის მომხრე რუსი ბლოგერების დისკურსში, – განაცხადა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW).
„ძირითადად ამტკიცებდნენ, რომ გერასიმოვის დანიშვნა ნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ იღებს პასუხისმგებლობას ომზე.
ბლოგერები გერასიმოვის დანიშვნას უკავშირებენ რამდენიმე მიმდინარე პრობლემას, მათ შორის, თავდაცვის დეპარტამენტში არსებულ დაძაბულობას; კონფლიქტს სამხედროებსა და „ვაგნერის“ ჯგუფს შორის და ცუდ სამხედრო მდგომარეობას“, - ნათქვამია მოხსენებაში.მკვლევარების დაკვირვებით, „სამხედრო ბლოგერები ასევე ამბობენ, რომ გერასიმოვის სამხედრო კარიერის ბედი დამოკიდებულია ომის გრძელვადიან შედეგზე. ზოგიერთმა უფრო კრიტიკულმა ნაციონალისტმა თქვა, რომ გერასიმოვის დანიშვნა არის მაგალითი იმისა, რომ კრემლმა ვერ ისწავლა ისტორიული მარცხებიდან, იმის გათვალისწინებით, რომ გერასიმოვმა ვერ შეინარჩუნა ჩრდილოეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ომის დასაწყისში, მაგრამ ასეთი დისკურსი შეზღუდული იყო“.
ISW აღნიშნავს, რომ სამხედრო ბლოგერების „ორაზროვანი, მაგრამ აპათიური პასუხი“ შეიძლება, მიუთითებდეს მათ იმედზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და კრემლი იწყებენ, რეალურად წარმოაჩინონ ომი უკრაინაში ცენტრალიზებული სამეთაურო სტრუქტურის შემოღებით, რათა აიღონ ხელმძღვანელობა სამხედრო კამპანიაზე.
2023 წლის 11 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი შეასრულებდა "სამხედრო სპეცოპერაციის" (როგორც ომს რუსეთში ოფიციალურად უწოდებენ) ხელმძღვანელის მოვალეობას უკრაინაში. გერასიმოვს სამი მოადგილე ეყოლება, მათ შორის მისი წინამორბედი – სერგეი სუროვიკინი.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, საომარი მოქმედებების ზონაში რუსეთს არ ჰქონდა ჯარების მეთაურის პოსტი. 8 ოქტომბერს მეთაურად დაინიშნა სერგეი სუროვიკინი. მის სახელს უკავშირდებოდა რუსული ჯარების ტაქტიკა - მასიური დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. სუროვიკინმა ასევე ისაუბრა ხერსონთან დაკავშირებით "რთული გადაწყვეტილებების" შესახებ. მალევე რუსული ჯარები ხერსონიდან და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ.
სუროვიკინის დანიშვნასთან დაკავშირებით დადებითად ისაუბრეს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა და „ვაგნერის“ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომლებიც აქტიურად აკეთებენ კომენტარებს ომზე. კადიროვმა გერასიმოვი ფარულ კრიტიკას დაუქვემდებარა, ისევე როგორც არაერთმა „პატრიოტმა ბლოგერმა“.
იხილეთ ასევე: პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა – უკრაინის დაზვერვა


