
თურქეთის ომბუდსმენი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მსხვილ გაცვლას აანონსებს
17/01/2023 07:27:38 მსოფლიო
თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალკოჩმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მსხვილი გაცვლა თურქული მხარის შუამავლობით მზადდება.
მისი თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტმა ჰუმანიტარული ქმედებების სამეტაპიან გეგმა შეათანხმა. უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა 800 პატიმრის სია, რუსულმა – 200–კაციანი სია.
თურქეთი ასევე გამოდის ინიციატივას, შექმნას ჰუმანიტარული დერეფანი სტამბოლის გავლით, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას დაჭრილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გადასაყვანად.
CNN-ის თურქული სამსახურის ცნობი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰუმანიტარული დერეფნის საკითხს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მომდევნო შეხვედრებზე განიხილავს.
11 იანვარს თურქეთში გაიმართა უკრაინელი და რუსი ადამიანის უფლებათა კომისრების შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მიღწეულია შეთანხმება 40 რუსი სამხედრო ტყვის გაცვლაზე. 14 იანვარს Reuters-მა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაცვლა გაუქმდა რუსული მხარის ინიციატივით.
ნატო–ს წევრი თურქეთი უკრაინას იარაღს აწვდის, თუმცა, პარალელურად, ცდილობს შუამავლის როლში გამოვიდეს უკრაინასა და რუსეთს შორის, უზრუნველყოფს პლატფორმას მეომარ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებისთვის და მონაწილეობს რიგ ღონისძიებებში, მაგალითად, მარცვლეულის გარიგებაში.