აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა წინასწარ იცოდნენ ომის შესახებ და მალავდნენ აქტივებს
16/01/2023 13:10:47 მსოფლიო
რუსმა ოლიგარქებმა იცოდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღი და დაიწყეს აქტივების მათ ახლობლებზე გადაფორმება, რათა გაქცეოდნენ სანქციებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა აშშ-ის ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო, ომის წინა პერიოდში რუსული მსხვილი ბიზნესის ქმედებების გამოძიების დროს, – იუწყება BBC.
სააგენტო მიუთითებს სხვა სტრუქტურების ანგარიშებზე, რომლებმაც განაცხადეს საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. საუბარია რამდენიმე ოლიგარქზე და რუსული ელიტის წარმომადგენელზე. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.
FinCen თვლის, რომ რუსი ოლიგარქები მიჰყვებოდნენ სქემას, რომლის მიხედვითაც მოქმედებდა რომან აბრამოვიჩი. იანვარში ბრიტანულმა Guardian-მა, კვიპროსული კომპანია Meritservus-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მილიარდერმა, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გადასცა მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები შვიდ ბავშვს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აბრამოვიჩმა თებერვალში დაიწყო რეორგანიზაცია, რომელიც დაასრულა ომის დაწყების დღეს - 24 თებერვალს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა დააწესეს სანქციები აბრამოვიჩის წინააღმდეგ.


