
უკრაინამ შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა
16/01/2023 12:59:55 საზოგადოება
„კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
როგორც ირკვევა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 15 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება პერსონალურ სპეციალურ ეკონომიკურ და სხვა შემაკავებელ ზომებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სიაში, მათ შორის, შეყვანილია შოთა აფხაიძე. ის რუსეთის მოქალაქედ არის მოხსენიებული, რასაც თავად აფხაიძე უარყოფს.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას და ა.შ.
ინფორმაციისთვს: აფხაიძე 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში” მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. 2012 წლის ამნისტიის დროს იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტს” შეუერთდა.
„მითების დეტექტორის” ინფორმაციით, დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო და გამოირჩევა პრორუსული გზავნილებით. იგი ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში, როგორიცაა „სპუტნიკი“, „ცარგრად ტვ“, "Новостной Фронт" და სხვა.
„მითების დეტექტორის“ ცნობითვე, 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხის - Zvezda-ს გადაცემისთვის „ღია ეთერი” (Открытый эфир) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილს ასახავდა.