
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ კობიაშვილი მიიღებს
16/01/2023 10:33:05 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 15 იანვარს დასრულდა. ფედერაციაში მხოლოდ ერთი, მოქმედი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.
ფედერაციის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე ფედერაციაში კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომზე გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება.
ჟურნალისტებმა კობიაშვილს ჰკითხეს, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი.
„როგორც გახსოვთ, 4 წლის წინაც ზუსტად მსგავსი ვითარება იყო, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ვისურვებდი, რომ სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. გამიხარდებოდა და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა კანდიდატები, თუმცა ამასთან დაკავშირებული კითხვები, ალბათ, სხვას უნდა დაუსვათ.
ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს 31 სუბიექტი, რომელიც პრეზიდენტის არჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მე წარმადგინა 29 სუბიექტმა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მინდა ყველას ამისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა - მათ შორის გულშემატკივრებს და ყველა იმ პირს, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა საპასუხოდ კობიაშვილმა.