
DRI – ყვარლის ინციდენტზე: "მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია"
16/01/2023 09:54:17 საზოგადოება
მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია,– ასე ეხმიანება ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ყვარელში 15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციის ჩატარების საშუალება.
"ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების აქტები სავარაუდოდ ხელისუფლების წახალისებულია...
გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება და შენობაში უსაფრთხოდ შესვლა. თავდამსხმელების ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცავების შედარებით მეტი რაოდენობით მობილიზაციის და/ან სათანადო მოქმედების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას", - წერია განცხადებაში.
"კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში ხელი.
2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა გეორგიევსკის ტრაქტატის გამო ერეკლე მეორის კრიტიკისთვის. თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.