
ჩხაიძე განმარტავს, ვინ უნდა აიცრას კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან თავის დასაცავად
16/01/2023 08:57:23 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ომიკრონის“ ახალ სუბვარიანტზე და ვაქცინაციის აუილებლობაზე ისაუბრა.
როგორც ის განმარტავს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის" მსგავსია, მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე:
- „თუ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე გაქვთ გადატანილი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ;
- თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია.
ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ“.
მისი თქმით, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი გრიპზე მოდის.
„რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.