ერმაკმა ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლებს "XXI საუკუნის ვერდენის ბრძოლა" უწოდა
13/01/2023 17:19:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ბახმუტსა და სოლედარში ხდება, ვერდენის ბრძოლას ჰგავს.
„ვითარება მძიმეა, ძალიან მძიმეც. ეს არის ვერდენთან ბრძოლა XXI საუკუნეში. ბრძოლები უკვე რამდენიმე თვე გრძელდება, მაგრამ ჩვენი მეომრები ახერხებენ პოზიციების შენარჩუნებას. რუსები ციხეებიდან უშვებენ ბოროტმოქმედებს, რომლებიც კვდებიან, როგორც კი ფრონტის ხაზს უახლოვდებიან. მათ გვამებს ადგილზე ტოვებენ, ისინი არც კი მიაქვთ, ადამიანური დანაკარგი რუსეთის მხრიდან ბევრია, ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ მხარეს. ჩვენ პირისპირ არის ადამიანთა მასა, რომელიც განუწყვეტლივ გვიტევს, გვიტევს, გვიტევს. სოლედარი არის ქუჩის შეტაკებების ადგილი, სადაც ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს ქალაქს. რუსები იქ არიან, მაგრამ ქალაქს ვერ აკონტროლებენ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა", – განაცხადა ერმაკმა Le Monde-სთან ინტერვიუში
ვერდენთან ბრძოლა, რომელიც ისტორიაში „ვერდენის ხორცსაკეპის“ სახელით შევიდა, პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი ბრძოლაა. ისტორიკოსები დღემდე დავობენ დანაკარგების შესახებ. დაახლოებითი შეფასებით, 1916 წელს ათი თვის განმავლობაში 300 ათასამდე გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.
ერმაკის ამ ინტერვიუს შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტროლი დააწესა სოლედარზე, თუმცა უკრაინა აღნიშნულს აურყოფს.


