კირბი: "მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს ომზე სტრატეგიულ გავლენას არ იქონიებს"
13/01/2023 13:00:47 მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს–სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ თუ რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა ქალაქ სოლედარში, ან თუნდაც ბახმუტში, ეს ომის საერთო ტრაექტორიისთვის ცოტას ნიშნავს.
"მაშინაც კი, თუ ბახმუტიც და სოლედარიც დაეცემა, ეს სტრატეგიულ გავლენას არ მოახდენს თავად ომზე. და ეს ნამდვილად არ შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინელებს", – განაცხადა კირბიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის პრეს–სპიკერის სერჰი ჩერევატის თქმით, რუს სამხედროებს სოლედარი არ დაუკავებიათ და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ჩერევატიმ უკრაინულ გამოცემა РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არა, ეს არაა სიმართლე. ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს“ - განაცხადა ჩერევატიმ რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია, რის მიზეზადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის "გათავისუფლება" 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.


