
The New York Times–მა კახეთი იმ 52 ადგილს შორის დაასახელა, სადაც მკითხველს 2023 წელს მოგზაურობას ურჩევს
13/01/2023 09:16:08 საზოგადოება
„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე“, – კახეთი The New York Times-ის სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა. გამოცემამ რეგიონი იმ 52 ადგილს შორის დაასახელა, სადაც მკითხველს 2023 წელს მოგზაურობას ურჩევს.
ჟურნალისტი ევან რაილი საქართველოს შესახებ წერს, რომ მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციის მქონე მთიანი ქვეყანა ღვინის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ღვინის დაყენების თავისებური ტრადიციითა და მრავალფეროვანი ღვინით, ასევე ყურძნის ქარიზმატული ჯიშებით, როგორიცაა, მაგალითად, "საფერავი".
გამოცემის ცნობით, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა.
"ღვინის მოყვარულებს კახეთში, ვაზისუბნისა და კარდანახის მამულებში კულინარიული სამოგზაურო ტურები აძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ ახალი ღვინოები. აქ ბევრი ღვინო მიწაში ჩაფლულ ტრადიციულ თიხის ჭურჭელში – ქვევრში მზადდება", –იუწყება გამოცემა.
ევან რაილი წერს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის ადგილობრივმა მზარეულებმა კულინარიის გაკვეთილების შეთავაზებებიც დაამატეს და გასტრონომებს შეუძლიათ ხინკლისა და სხვა ტრადიციული კერძების მომზადება.