
საქართველოში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანებულია 2000–ზე მეტი შენობა, მოთხრილია ხეები, დენისა და წყლის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი
13/01/2023 08:44:33 საზოგადოება
საქართველოში სტიქიას მსვერპლი მოჰყვა. კერძოდ, ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
მისი თქმით, ქარმა ხე მოგლიჯა და მიმავალ ავტომობილს დაეცა, რის შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
"ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
სტიქიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთში დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.
"ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს 24- საათიან რეჟიმში მუშაობა. გვიან ღამით აბაშაში, სოფელ მარანში დოლიძეების სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც აბაშის მერთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივმართო, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ. ასევე, თუ ვინმეს სჭირდება ჩვენი დახმარება, დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ "ცხელ ხაზებზე“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც "ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობენ, რათა სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სოკარის“ ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს".
ძლიერი ქარია ქუთაისში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სტიქიის შედეგად ქუთაისში 200-ზე მეტი ობიექტის, მათ შორის საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავებია დაზიანებული, ქალაქში მოთხრილია ხეები და პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში 567 შენობას ნაწილობრივ აქვს სახურავი გადახდილი, მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.
დაზიანებულია 333 კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი, 19 სხვადასხვა ობიექტი.
რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია "ცხელი ხაზი" და მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში შეუძლია, არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.
რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში დღეს ქარიანი ამინდი შენარჩუნდება, 14 იანვრიდან კი გამოიდარებს.