სტეფან გრიგორიანი:"საქართველოს პრემიერის ვიზიტი სომხეთში პოზიტიური ნაბიჯია, მიმდინარე თანამშრომლობა წარმატების მაგალითია"

12-01-2023 22:11:42 პოლიტიკა ,კომენტარი

"გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტს "პოზიტიურ ნაბიჯად" აფასებს.

ამის შესახებ პოლიტოლოგმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"საქართველოსა და სომხეთს შორის ბევრი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. მსოფლიოში არსებული ვითარების პირობებში მიმდინარე თანამშრომლობა წარმატების მაგალითია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი ვიზიტი სომხეთში პოზიტიური ნაბიჯია" - განუცხადა "აქცენტს" გრიგორიანმა.

ამასთან, იგი მიესალმება საქართველოს პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ღარიბაშვილმა ფაშინიანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის [სომხეთსა და აზერბაიჯანს] შუამავლის როლი.

"მივესალმები საქართველოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არის, იყოს შუამავალი სომხურ-აზერბაიჯანულ დიალოგში. საქართველო შეიძლება, გახდეს სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის პლატფორმა, სომხურ-აზერბაიჯანული პრობლემების გადაჭრის გარეშე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა არ იქნება", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", – აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

დღესვე ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.

კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები